18.03.2021

5 გზა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

blog-article-image-one.jpg

ვირუსების ხელოვნური წარმოქმნის სისწრაფითა და მრავალფეროვნებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეისათვის ყველაზე მასშტაბური ბიოლოგიური  ომის ქარცეცხლში ვცხოვრობთ. ასეთ პირობებში, დამეთანხმებით, იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ზრუნვა ურიგო არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, შემოგთავაზებთ იმუნიტეტის  გაძლიერების სანდო და ეფექტურ გზებს.

Eat the rainbow - შეჭამე ცისარტყელა

არსებობს ასეთი ფრაზა – შეჭამე ცისარტყელა. აქ იგულსიხმება ის, რომ ჩვენი ყოველდღიური საკვების რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ვიტამინებით გაჯერებულ ბუნებრივ პროდუქტებს. ასეთი საკვები კი ყოველთვის გამოირჩევა მკვეთრი ფერით.

პირველ რიგში “ცისარტყელას რაციონში” მოიაზრება ციტრუსი – გრეიფრუტი, ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, ლაიმი.

მოგეხსენებათ, ციტრუსი C ვიტამინის წყაროა. C ვიტამინი კი არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, ამავდროულად, ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების წარმოქმნას. ლეიკოციტები კი სწორედ პირველები უტევენ ორგანიზმში შეჭრილ უცხო სხეულებს...

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი “ფერადი პროდუქტი” წითელი წიწაკა, ე.წ. პაპრიკა. 

გაგიკვირდებათ, მაგრამ წითელი წიწაკა ორჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ციტრუსი.  აგრეთვე, მდიდარია პროვიტამინ A-თი, რომელიც მხედველობის დაქვეითებას უშლის ხელს. ამასთან ერთად ანიჭებს სახის კანს სიჯანსაღეს. 

ქართულ სუფრაზე ბროკოლი ძალიან ფრთხილად ცდილობს თავი დაიმკვიდროს, რაც გასაკვირია, რადგან ამ ბოსტნეულს ვიტამინებით ზედმეტად გადატვირთულსაც კი უწოდებენ.

100 გრამ ბროკოლში (ერთ პატარა ჩამონაჭერში) თავმოყრილია A, C და E ვიტამინი, აგრეთვე, ათასობით ანტიოქსიდი ( რომელბიც აფერხებენ სიმსივნური უჯრედის წარმოქმანს).  მოკლედ რომ ვთქვა, ბროკოლი ყველაზე ჯანსაღია მათ შორის, რაც სასადილო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს.

ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს ხახვის უნიკალურობა, თუმცა, აქაც ხაზს გავუსვამ მის მნიშვნელობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ხახვის თვისებები ჯერ კიდევ ადრეული ცივილიზაციების პერიოდში აღმოაჩინეს. გაუთავებელი ომების დროს, დაზიანებულ ორგანიზმს სწორედ ხახვით მკურნალობდნენ და მიაჩნდათ, რომ ინფექციის შეჭრისგან იცავდა.  ხახვი არაჩვეულებრივი მკურნალია მათთვის, ვისაც არტერიული წნევა აწუხებს.

ძილის რეჟიმი

ჯანსაღად კვება კარგია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი და უმთავრესი გზა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. არაერთმა სოციალურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ თუ ადამიანს ძილის რეჟიმი დარღვეული აქვს, მისი იმუნიტეტიც დაქვეითებულია.

მუდმივი ღამის თევა, უძილობა ორგანიზს ფიზიოლოგიურ შოკში აგდებს და იმუნიტეტთან ერთად, მეხსიერებას აქვეითებს. რეკომენდირებულია, რომ სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის, ადამიანის ორგანიზმს  დღე–ღამეში 7–8 საათი ეძინოს.

მზის სინათლე და სეირნობა

დღეს ადამიანები, სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, უმეტეს ნაწილს დახურულ ოფისებსა თუ შენობებში, უმოძრაობაში ვატარებთ, რაც მეტად საზიანოა ჯანმრთელობისთვის. აუცილებელია  გამოვნახოთ დღეში სულ მცირე 10–15 წუთი მზის სინათლეზე სასეირნოდ.

ამგვარად, ორგანიზმს D ვიტამინით გავაჯერებთ.  D ვიტამინი კი ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას. ეს უკანასკნელნი იმუნიტეტს მუდმივ მზადყოფნაში ამყოფებენ, და როგორც კი უცხო სხეული შემოიჭრება ორგანიზმში, ეწინააღმდეგებიან და ხელს უშლიან მათ გამრავლებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა რესპირატორულ/სასუნთქი გზის პრობლემებს იწვევს. 

გაერიდეთ სტრესს

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ნერვიულობა ორგანიზმს ანადგურებს და მიუხედავად ამისა, არ შეგვიძლი “არ ვინერვიულოთ.” რაც არ უნდა რთული იყოს, ექიმები გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად მოვერიოთ საკუთარ ემოციებს და ნაკლებად ავღელდეთ. სტრესი და დაძაბულობა თრგუნავს ორგანიზმში კორტიზოლის გამოყოფას.

კორტიზოლი ის ჰორმონია, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას არეგულირებს და სტრესთან გამკლავებაშიც ეხმარება. სტრესის თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ დავკავდეთ სპორტით, ცურვით, იოგით. თუმცა, სიტუაციური აღელვების დროს, ისევ და ისევ, საუკეთესო მეთოდი დასაწყნარებლად არის 10 წუთიანი მზის სხივქვეშ სეირნობა და ღრმად სუნთქვა.

შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება

და ბოლოს, თუ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, (რაშიც დარწმუნებული ვარ, რადგან ეს სტატია აქამდე წაიკითხეთ!) და მაინც მოიხმართ თამბაქოს, გირჩევთ და მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ. შევუერთდები სხვა მრავალ მოწევის საწინააღმდეგო კამპანიას  და მეცნიერულად დაგისაბუთებთ ამის აუცილებლობას: თამბაქოს მოხმარება არა მხოლოდ ზრდის კიბოს წარმოქმნის საშიშროებას, მასთან ერთად, უკიდურესად აზიანებს იმუნურ სისტემას. თამბაქო იმუნურ სისტემას პათოგენური, საზიანო “გადაწვეტილებებისკენ” უბიძგებს, ამცირებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.

ვფიქრობ, საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი იდეები შემოგთავაზეთ იმისთვის, თუ როგორ ვიყოთ ჯანმრთელები და შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე :)

eye-icon.svg

36452

chat-icon.svg

0

ავტორი Admin