1.02.2020
5 საუკეთესო ადგილი შემოდგომაზე მოგზაურობისთვის
5 საუკეთესო ადგილი შემოდგომაზე მოგზაურობისთვის
ამბობენ, ზაფხული საუკეთესო დროა დასვენებისთვისო. ჰოდა, იცოდეთ, რომ ეს მითების იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომლებიც არასწორია და ის აუცილებლად უნდა დაარღვიოთ. აბა დაფიქრდით, თქვენი ნაცნობების რა ნაწილი ისვენებს ზაფხულობით? ალბათ, დიდი უმრავლესობა. და თითოეული ეს ადამიანი ზაფხულის განმავლობაში აქტიურ ტურისტულ ადგილებში იყრის თავს. შესაბამისად, ხალხმრავლობა, მუდმივი რიგები და მომატებული ფასები გარდაუვალია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე მარტივად მიხვდებით, რომ ზაფხული დასვენებისთვის საუკეთესო დრო სულაც არა არის.
მაშ ასე, შემოდგომაზე დასვენების მოყვარულებო გთავაზობთ 5 საუკეთესო ადგილს, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარებასა და საუკეთესო ემოციებით დამუხტვას შეძლებთ:
ისლანდია
გაშლილი სივრცე, სუფთა ჰაერი და თავისუფლება – ეს ისლანდიაა. ისლანდიაში ჩასვლამდე ვერც წარმოიდგნეთ, რამდენად მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა გელოდებათ. ფლორისა და ფაუნის ნამდვილი ზეიმი კი შემოდგომაა, როდესაც ბუნება ულამაზესი ფერებით ივსება. ყვითელ–ოქროსფერი ტყეები და ლურჯი წყლები საუკეთესო კონტრასტს ქმნიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემოდგომა ისლანდიაში ძალიან ცივი არ არის, რაც ასევე, კარგ განწყობას ქმნის მოგზაურობისთვის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ საშუალება გაქვთ ნახოთ ჩრდილოეთის ციალი, რომლის ნახვაც მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზეა შესაძლებელი. მწვანე, იისფერი და თეთრი შუქები საოცრად ეცემა ციდან და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.
პირდაპირ რომ ვთქვათ, ისლანდია იაფი ქვეყანა ნამდვილად არა არის, განსაკუთრებით კი აქტიურ ტურისტულ სეზონზე. შემოდგომაზე მოგზაურობით კი, თქვენ სამოგზაურო თანხების განახევრებას შეძლებთ. ამ სეზონზე მოგზაურობის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ აქტიური ტურისტული ადგილები ხალხით გადაჭედილი არ იქნება და ყველაფრის დათვალიერებას მშვიდად და თავისუფლად შეძლებთ. ისლანდიის სამანქანო ტურით დათვალიერება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
თელ–ავივი, ისრაელი
თუ ზღვა, მზე და რუჯი არასდროს გბეზრდებათ და მასთან დამშვიდობება ზაფხულის მიწურულსაც გიჭირთ, მაშინ თელ–ავივი თქვენი რჩეული საშემოდგომო მიმართულება გახდება. ეს არის ადგილი, სადაც ზაფხული ძალიან გვიან მთავრდება. რივიერას სტილში მოწყობილი სანაპირო ზოლი შემოდგომაზეც ძალიან აქტიურია ლამაზი ნაპირებით, ბუტიკის ტიპის მაღაზიებითა და განსაკუთრებული რესტორნებით, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის პროდუქტებით გემსახურებიან. სანაპირო საკმაოდ ვრცელია და რაც ყველაზე მთავარია, ხალხმრავლობისგან დაზღვეული ხართ. გორდონ–ფრიშმენის სანაპიროები ამ დროს საუკეთესო ლოკაციაა. თელ–ავივში სტუმრობისას არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დელფინარიუმს ეწვიოთ და საოცარი შოუ ნახოთ. ყოველ საღამოს კი ჭიქა კოქტეილით ხელში შეგძილიათ მზის ჩასვლის განსაკუთრებული სანახაობით დატკბეთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მზე და ზღვა ყველაფერი არ არის. შემოდგომაზე ისრაელში თქვენ საშუალება გაქვთ ნახოთ 500–ზე მეტი სახეობის 500 მილიონი ფრინველი, რომლებიც ევროპიდან აფრიკასა და აზიაში მიფრინავენ ზამთრის გასატარებლად.
ფუჯის მთა, იაპონია
თუ თქვენ შემოდგომაზე აღმოსავლეთის მიმართულებით გადაწყვიტეთ მოგზაურობა, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ფუჯის მთას. ფუჯის მთა ანუ ფუძამა იაპონიის ერთ–ერთი მთავარი სიმბოლო და ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილია. ეს ადგილი მისი უნიკალურობის გამო „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ფუჯის მთა წლის ყველა დროს ლამაზია, თუმცა შემოდგომა ნამდვილად დაუვიწყარია. წითელი ფოთლები და მშვიდი ლურჯი წყლები მთის გარშემო მომნუსხველი სანახავია. ბუნების ამ ზეიმს ყოველწლიური ფესტივალი Fujikawaguchiko Autumn Leaves Festival ეძღვნება. მთის ძირში, ფოთლების სიჩუმეში ვახშამი საუკეთესო რომანტიკული გადაწყვეტილებაა, რაც შემოდგომაზე შეგიძლიათ მიიღოთ. შესაძლებელია ნავით გაისეირნოთ ტბა კავაგუჩიკოზე და ფოტოებზე ნანახი სანახობა თქვენს თვალწინ გადაიშლება: მუქი ვულკანური ქვები, წითელ–ყვითელი ფოთლები, ლურჯი კამკამა წყალი და თოვლით დაფარული მწვერვალი - ეს აბსოლუტური რეალობაა.
ტოსკანა, იტალია
იტალია ის ქვეყანაა, სადაც შემოდგომის მოსავალს სერიოზულად ელოდებიან. მოსავლის აღების ზუსტი დღეები ამინდზეა დამოკიდებული. ყოველ შემოდგომაზე ქვეყანაში ტარდება მოსავლის ფესტივალი, სახელად საგრე და ის ეძღვნება ყოველგვარ მოსავალს, დაწყებული თხილით დამთავრებული სოკოთი და გოგრით.
შემოდგომა იტალიაში აუცილებლად უნდა ნახოთ ტოსკანაში. ამისთვის საუკეთესო დრო კი გვიანი სექტემბერი და ოქტომბერია. ეს არის იტალიის გასტრონომიული ტრადიციების ცენტრი. შემოდგომაზე ტოსკანაში ტემპერატურა მაღალია. სასიამოვნო სითბო და ღამის სიგრილე, შემოდგომის ფერები და საოცარი სურნელება – ეს ყველაფრი ქმნის ჰარმონიულ გარემოს დასვენებისთვის. აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა ყურძნის მოსავლის მიღების პროცესში, დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო და ესაუბროთ ადგილობრივებს ღვინის დაყენების მათ წესებსა და ტრადიციებზე.
გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში კი მსხვილი და საოჯახო ფერმები ზეთისხილის მოსავალს იღებენ და ზეთის დაწურვას იწყებენ.
ონტარიო, კანადა
თუ გული ჩრდილოეთ ამერიკისკენ მიგიწევთ, მაშინ არჩევანი კანადის ქალაქ ონტარიოზე შეაჩერეთ. ეს არის ნეკერჩხალის ხეების ქალაქი, რომელიც შემოდგომაზე სუნთქვისშემკვრელად ლამაზი ხდება. სექტემბრის მეორე ნახევრიდან გვიან შემოდგომამდე შეგიძლიათ დაგეგმოთ ონტარიოში ვიზიტი და ნამდვლად არ ინანებთ. მთავარი სანახაობა არის Algonquin Provincial Park, რომელიც ონტარიოში, ტორონტოდან არც ისე შორს მდებარეობს. ეს არის 7725 კვ. კმ–ზე გადაჭიმული სივრცე ტყეებით, ფართო მდინარეებითა და მშვიდი ტბებით. აუცილებლად გაისეირნეთ შუა ტბებში, რომ მაქსიმალურად შეიგრძნოთ შემოდგომის სილამაზე, წყალში არეკლილი წითელ–ყვითელი ფერები მეტად შთამბეჭდავი სანახავია.
ონტარიოში სტუმრობის დროს არ დაგავიწყდეთ ჩანჩქერ ნიაგარას მონახულებაც. ამ ქალაქში განსაკუთრებით ემზადებიან ჰელოუინის დღესასაწაულისთვის, რომელიც ონტარიოს შემოდგომაზე სანახავი ადგილების სიაში უცვლელ ადგილს უნარჩუნებს.